კონცენტრაციის ნაკლებობა, ანუ არეული კარადის პრინციპი

მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები დროდადრო ყველას გვაქვს. ზედმეტად დატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილები ხშირად დაბნეულები, გულმავიწყები ვხდებით.  ბევრ საქმეს შეჭიდულები, რომელიმე ერთზე კონცენტრაციას ვერ ვახერხებთ. მსგავსი რამ ყველას გამოუცდია, თუმცა, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ამ ყველაფერს ქრონიკული ხასიათი აქვს.

 

25-things_bipolar-23

ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი თანმდევი პროცესი ტვინის კოგნიტური ფუნქციის დარღვევაა. ეს უარყოფითად აისახება ადამიანის უნარზე, გაიგოს, ისწავლოს, აღიქვას, გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია ან გაავრცელოს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.

მეხსიერების გაუარესების გარდა ბიპოლარულისა და სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს ხშირად კონცენტრაციის ნაკლებობა ახასიათებთ. მათ ერთ საგანზე ფოკუსირება უჭირთ და ერთი საქმიდან მეორეზე გადადიან. მაგალითად, დავაპირე ფილმის ყურება. ახალი დაწყებული მაქვს და უცბად გადავწყვიტე, ოთახი დავალაგო. ცოტა ხანში ამ საქმესაც ვანებებ თავს და ტანსაცმლის ლამაზად კეცვას ვუდგები. ბოლოს ისე იხლართება საქმე, რომ არც ფილმის ყურების ხასიათზე აღარ ვარ, ოთახიც ვანდალთა შემოსევის შემდგომ რომს წააგავს და ტანსაცმლის კარადაც გონებასავით არეულ-დარეულია.

გონგაფანთულობის გამო ბევრ საქმეს ელემენტარულად არ ვიწყებ, რადგან იმდენი დაუმთავრებელი, შუა გზაზე მიტოვებული იდეა და პროექტი დამიგროვდა, რომ ყველაფერი  ჭუჭყიანი ჭურჭლის გორას წააგავს, რომლის გარეცხვაც ძალიან მეზარება.

გარდა იმისა, რომ სასურველი სიტყვის გასახსენებლად მეტი დროა საჭირო, თვითონ ფიქრის პროცესის სიჩქარეც განსხვავებულია ფაზების მიხედვით. მანიაკალურ ფაზაში დაფიქრება ფორმულა ერთის  ავტორბოლას წააგავს – იდეები, იმედები, შფოთვები – ყველაფერი დასწრებაზეა. შეჯიბრი მიდის.  ეს ნაკადი იმდენად სწრაფად მიედინება, რომ ადამიანი იბნევა და მოუსვენარი ხდება და იმის მიუხედავად, რომ ენერგიითა და ენთუზიაზმითაა სავსე, პროდუქტიულობის ხარისხი უუარესდება. დაახლოებით იგივეა, რამდენი საქმეს მოჰკიდო ხელი, მაგრამ არცერთისთვის ნერვი აღარ გეყოს.

დეპრესიულ ფაზაში ფიქრი და ინფორმაციის აღქმის უნარი ქვეითდება, მისი გააზრება და დამახსოვრება ჭირს. საქმე ისაა, რომ ტვინის რუხი ნივთიერება ნეირონებს შეიცავს, რომელთა ურთიერთმოქმედება უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას. სხვადასხვა სახის აშლილობისას რუხი ნივთიერება მცირდება, რაც იწვევს ნეირონებს შორის კავშირების დარღვევას. წარმოიდგინეთ დომინოს ჯაჭვი. თუკი მის რომელიმე ნაწილს ამოვიღებთ, ჯაჭვურ რეაქციას ვერ მივიღებთ. ნეირონებიც მაგ პრინციპით მუშაობენ. მათი მთლიანობის დარღვევისას აზრს ისე ვერ ვაყალიბებთ, როგორც გვჩვეოდა, ან ელემენტარული დეტალები, რომლებსაც ადრე მარტივად შევამჩნევდით, ყურადღების მიღმა რჩება.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლინდეს:

  • კითხვის ხანგძლივობაზე – თუკი ადრე ერთ წიგნს 2-3 დღეს ანდომებდით, ახლა ეს პროცესი ისე იწელება, რომ შესაძლოა, მისი დასრულებისთვის რამდენიმე თვე დაგჭირდეთ. იგივე შეიძლება თუნდაც ფილმის ყურებაზე ვთქვათ. თუკი ადრე ფილმს ერთი ამოსუნთქვით ვუყურებდი, ახლა მისი ყურება რამდენიმე საათს გვართმევს.
  • გრძელ საუბრებში ჩაბმა ჭირს. გონგაფანტული ხარ და ერთი აზრიდან მეორეზე გადადიხარ. ვინმესთან საუბრისას შეგიძლია, საუბრის თემა რამდენჯერმე შეცვალო. შესაძლოა, ადამიანს ჰკითხო, იცის თუ არა, რომელიმე კერძის რეცეპტი და ვიდრე იგი პასუხის გაცემას მოასწრებს, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ მდგომარეობაზე იწყებ ლაპარაკს.
  • ლექციის მოსმენაც, რაც უნდა საინტერესო იყოს, ასევე გონების მეტ დაძაბვას საჭიროებს.
  • კონცენტრაციის ნაკლებობის გამო საქმის ბოლომდე არმიყვანა და მიტოვება.
  • ჭირს საკუთარი მოქმედებების, ემოციების გაკონტროლება. ადამიანი შეიძლება ან ძალიან იმპულსური იყოს ან, პირიქით, უემოციოდ აღიქვას რამე ფაქტი ან მოვლენა. შესაძლოა, მეგობარს ელემენტარული შეცდომის გამო შეურაცხყოფა მიაყენოთ ან მისი  შვილის დაბადება არც კი მიულოცოთ, რადგან თვლიდეთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

ხშირად მეხსიერების დაქვეითება და კონცენტრაციის გაუარესება შეიძლება იყოს გამოწვეული იმ მედიკამენტების გვერდითი ეფექტით, რომლებსაც ექიმები ბიპოლარულისა თუ სხვა სახის აშლილობის მქონე პაციენტებს უნიშნავენ. ანუ, იმ პრობლემების მოგვარებისას, რის გამოც მედიკამენტებს ვიღებთ, შესაძლოა ახალ პრობლემებთან მოგვიწიოს გამკლავება.

მუდმივი შფოთვის, აღგზნებულობისა და მელანქოლიის ერთმანეთის ჩანაცვლების ფონზე თანამიმდევრულობის დაცვა რთულია. განსაკუთრებით მაშინ ჭირს, როცა რამდენიმე საქმისგან მაქსიმალური შედეგის მიღებას ვცდილობთ, რაც, ჩემი შემთხვევის არ იყოს, გაპარტახებული ოთახით, დაუმთავრებელი ფილმითა და არეული კარადით მთავრდება. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს პატარა ხრიკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა მდგომარეობას გაუმკლავდე და ოპტიმალური შედეგი მიიღო. თითოეული ხერხი ყველასთვის სხვადასხვაგვარად მუშაობს, თუმცა ცდა და მათი გამოყენება არავისთვის საზიანო არ არის.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გარე გამაღიზიანებლებისგან თავის არიდება. თუკი სტუდენტი ხარ და საბაკალავრო ნაშრომს წერ, მისი მუსიკის ფონზე წერა, შეიძლება, არცთუ ისე კარგი იდეა იყოს. როგორც წესი, მუსიკა გვამშვიდებს, გვეხმარება და ჩვენს პროდუქტიულობას ზრდის. მაგრამ იგი შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორიც აღმოჩნდეს ისევე, როგორც ჩართული ტელევიზი, ვინმეს ხმადაბალი საუბარი. ასევე, შედეგის მომცემია გასაკეთებელ საქმეთა ჩამოწერა და იმის მიხედვით მოქმედება. უნდა ავივსოთ მოთმინებით და ერთი საქმე დავიწყოთ მხოლოდ მაშინ, როცა წინამორბედი გაკეთებული გვექნება. შეგვიძლია დახმარებისთვის ახლობელ ადამიანს მივმართოთ. ვთხოვოთ, რომ კურატორობა გაგვიწიოს ან უბრალოდ ჩვენთან ერთად ყოფნით დაგვეხმაროს. თუკი, გრძნობთ, რომ არაფერი გეხმარებათ, მაშინ სჯობს საქმე უბრალოდ გადადოთ, დაკავდეთ იმის კეთებით, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და სიამოვნებას განიჭებთ.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s