Girls – რას გვასწავლიან სერიალები

როცა ამ ბლოგის შექმნა გადავწყვიტე, ბლოგი უკვე მქონდა. ერთ-ერთ ონლაინ ჟურნალშიც ვწერდი ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ მაინც ცალკე ბლოგი გავაკეთე, რადგან ჩემი ძველი ბლოგი უფრო დღიურის ფორმატში ჯდებოდა, ხოლო ონლაინ ჟურნალში ბლოგ პოსტების გამოქვეყნება ვერ გააკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც ამ ბლოგის საშუალებით მინდოდა. მინდოდა მეწერა იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მეწერა ამის შესახებ გულწრფელად. მესაუბრა ჩემს გამოცდილებაზე. პირველ რიგში, ამაზე.

როგორც ჩემი, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და იმათიც, ვისაც მისი არსებობის შესახებ ვერასდროს გაიგებენ, იდენტობა მრავალ შრიანი, ფერადი, კომპლექსური, რთული და საინტერესოა. ეს ბლოგი ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც შეუძლია აღიაროს, რომ მენტალური დაავადება აქვს და ასევე, ადამიანს, რომელიც ოცდარაღაც წლისაა და ძალიან უყვარს სერიალები. ამიტომ, მინდა რომ ეს პოსტი დავწერო სერიალზე – Girls და ყველაფერ იმაზე, რაც ამ სერიალმა გვასწავლა.

GIRLS_1_b

სეირალის დასრულებამდე ერთი ეპიზოდი დარჩა და ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ, ამ ფაქტის აღსანიშნავად მასზე პოსტი დაწერა. პოსტის ქვეშ ვკითხულობდი კომენტარებს და გადავაწყდი ერთ კომენტარს, რომლის ავტორიც ვერ ხვდებოდა, რატომ უძღვნიდნენ სტატიას სერიალს, რომელსაც მაღალი რეიტინგიც კი არ ჰქონია. არ შემეზარა და კომენტარის ავტორს ვუპასუხე, რომ შეიძლება ეს სერიალი ადამიანთა გენერალური პუბლიკისთვის პოპულარული არ ყოფილიყო, მაგრამ იგი იყო მნიშვნელოვანი. იმის ასახსნელად თუ რატომ ვფიქრობ ასე, შევეცდები ჩამოვთვალო ყველაფერი, რაც სერიალმა მასწავალა.

როცა ხარ ოცდარაღაცის

ერთხელ, ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა, გვკითხა, რატომ ვნერვიულობდით ყველაფერზე, როცა ჯერ კიდევ ოცდარაღაცის ვიყავით. მერე დაამატა, როცა ოციდან ოცდაათ წლამდეა, ადამიანს შეუძლია დაუშვას იმდენი შეცდომა, რამდენიც მოესურვება, რადგან ამის ფუფუნება აქვს.

ეს სერიალი ოცდიან ოცდაათ წლამდე გოგონებზე (და ბიჭებზეა). ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ნიუ-იორკში და ცდილობენ… სიმართლე რომ ვთქვა, თვითონაც არ იციან, რას ცდილობენ, ზუსტად იმიტომ, რომ ოცდიან ოცდაათ წლამდე არიან.

ესაა ასაკი, როცა ზედმეტად დიდი ხარ, იმისთვის, რომ პატარა იყო და ზედმეტად პატარა, იმისთვის, რომ დიდი იყო. ერთდროულად კარგი და ცუდი პერიოდია. ყველაზე აქტიური, მხიარული, თავგადასავლებით სავსე და დრამატული.

სერიალის ყურებისას დავრწმუნდი, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, ოცდაოთხი წლის ამერიკელი, დიდად არ განსხვავდება ოცდაოთხი წლის ქართველისგან. ორივენი ერთი თაობის წარმომადგენლები არიან, ორივენი უსმენენ როკს და ცეკვავენ EDM-ზე, ორივესთვის პრიორიტეტულია ურთიერთობები და კარიერა, ოღონდ რა თანმიმდევრობით, ამაზე პასუხის გაცემა ორივეს გაუჭირდება.  ამიტომ, თამამად შეგვიძლია მათ მილენიალები ვუწოდოთ. და სიმართლე ისაა, რომ ეს სერიალი მილენიალებს ყველაზე უკეთ ასახავს. ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლესაც შეუძლია საკუთარი აზრი ერთნაირი ენთუზიაზმით გამოხატოს იმაზე რაც აწუხებს ან არ აწუხებს. იმაზე, რაშიც ერკვევა, ან ვერ ერკვევა. ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოავნია და მისი დაფიქსირება აუცილებელი.  ადამიანებზე, რომლებიც კარგად ერკვევიან ტექნოლოგიებში, რომლებმაც ტექნოლოგიები ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციეს და რომლებიც მათზე დამოკიდებულები არიან. ჭკვიან ადამიანებზე, რომლებიც უფრო განათლებულები არიან, ვიდრე წინა თაობები, თუმცა უფრო მეტად უჭირთ საკუთარი თავის პოვნა.

მე ვფიქრობ, რომ სერიალი მილენიალთა სარკეა. თითოეული ეპიზოდი, თითოეული სცენა, გახსენებს საკუთარ ცხოვრებას და გამოცდილებას და მისი დასრულების შემდეგ, რწმუნდები, რომ მართლაც გაქვს იმის ფუუფნება, რომ დაუშვა შეცდომები, რადგან ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, ვიდრე დიდობისთვის საკმარისად დიდი იქნები.

ახლობლების როლი, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანთა ცხოვრებაში

 როგორც უკვე ვთქვი, სერიალი მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც მენტალური დაავადებებია. სერიალის მთავარ პერსონაჟს, უწევს გაუმკლავდეს ფსიქიკურ დარღვევას და რამდენიმე მიზეზის გამო, იგი ამას აკეთებს მარტო.  იგი უარყოფს იმას, რომ პრობლემები აქვს. ყველას ვინც საბოლოდ აღიარა ის, რომ მას ფსიქოლოგიური აშლილობა აქვს, გამოუვლია ეს პერიოდი. პერიოდი, როცა გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა და პრობლემა, რომელსაც აწყდები დროებითია ან სერიოზულ ხასიათს არ ატარებს. იგი უარს ამბობს სხვებთან საკუთარ პრობლემაზე საუბარზე. ამის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. შეიძლება გეშინოდეს, რომ ვერ გაგიგებენ. შეიძლება ფიქრობდე რომ შენს სიტუაციაზე საუბრით, სხვას არასაჭირო ინფორმაციას აწვდი და ცხოვრებას ურთულებ. შეიძლება ფიქრობდე, რომ სხვები დაგცინებენ ან გიჟად ჩაგთვლიან. ორივე აზრი, სისხლს ერთნაირად გიყინავს.

საბედნიეროდ, ჰანას, პესონაჟს, რომელსაც მენტალურ პრობლემებთან უწევს გამკლავება, აღმოუჩნდება ახლობლები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ. მის ცხოვრებაში უხეში ჩარევა განახორციელონ და უთხრან, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანისთვის, ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. თუკი დაავადებულის ახლობელ ადამიანებს მაინც არ დააფიქრებს იმაზე, რომ სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს, თავად აშლილობის მქონე ადამიანს დაანახვებს იმას, რომ დროა თვითონ გახდეს საკუთარი თავის ახლობელი.

მშობლები

მშობლების თემა თითოეული ჩვენგანისთვის ერთნაირად სენსიტიურია, ხოლო მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში, სხვადასხვაგვარი. სერიალში მშობელთა განსხვავებულ კატეგორიებს ნახავთ. შეიძლება ზოგიერთში საკუთარი დედ-მამა ამოიცნოთ, ზოგიერთ შვილში საკუთარი თავი. შესაძლოა ისინი გააკრიტიკოთ, შეაქოთ ან უბრალოდ არ განაღვლებდეთ, მაგრამ ერთადერთი, რაშიც დარწმუნდებით, არის ის, რომ ოდესღაც მშობლებიც ოციდან ოცდაათ წლამდე ახალგაზრდები იყვნენ და რომ ისინი საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის აკეთებენ იმას, რაც სწორი ჰგონიათ. ცუდს ან კარგს,  მაგრამ იმას, რაც სწორი ჰგონიათ.

გვიანი არასდროსაა

შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს, ორმოცს გადაცილებულმა, მრავალწლიან ქორწინებაში მყოფმა, სტაჟიანმა მამამ, გადაწვიტო, რომ ბედნიერებისთვის სიმამაცეა საჭირო და ცოლის, შვილისა და ყველას წინაშე, აღაირო რომ გეი ხარ. ეს ზუსტად ისაა, რასაც ერთ-ერთი პერსონაჟი აკეთებს. ცხოვრებას იწყებს თავიდან. ეძებს სიყვარულს და პოულობს. როცა ამ პერსონაჟს უყურებ, რწმუნდები რომ გვიანი არასდროსაა. თუნდაც ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევდეს. თუკი ორმოცს გადაცილებული, გაქორწინებული ქალი ხარ, მიანც არაა გვიანი, რომ რაღაც ახალი დაიწყო. რადგან ხშირ შემთხვევაში, სხვა გზა არ გრჩება.

როცა ტრაკში აღმოჩნდები, რწმუნდები, რომ ტრაკში შეიძლება ნებისმიერი ვინმე აღმოჩნდეს

მე და ჩემი მეგობრები განსხვავებულები ვართ. თუმცა, ზოგიერთ მათგანთან მაინც რაღაც მაქვს საერთო. მაგალითად, მე და ჩემს ბავშვობის მეგობარს, გვჯერა, რომ მონოგამია არჩევნია, რომლის ერთგულიც შეიძლება იყო. მე როგორც პროგრესულ კონსერვატორს, მგონია რომ ქორწინებაში მყოფ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობა მიუღებელია. თუმცა, მაშინ, როცა ასეთ ურთიერთობებში ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ჩართული, მივხვდი, რომ შეიძლება მსგავს მდგომარეობაში ნებისმიეირ ჩვენგანი აღმოჩნდეს. ადვილია რეცეპტების გამოწერა მაშინ, როცა შედეგი სახეზე გაქვს, თუმცა, ყველაფერი იცვლება, როცა ამ შედეგამდე მიმავალი პროცესის მონაწილე ხარ და ყველაფერი შენს თვალწინ ხდება. ასეთ დროს, არავის განსჯის, არანაირი რეცეპტის გამოწერის სურვილი არ გიჩნდება.

სერიალში უამრავი მომენტია, როცა პერსონაჟები არ იქცევიან ისე, როგორც გინდა რომ იქცეოდნენ. არის სიტუაციები, რომლებიც შენში პროტესტის გრძნობას იწვევენ, თუმცა ყველაფერი გესმის, რადგან ამ მდგომარეობამდე, ამ გადაწყვეტილებამდე მომხდარი ამბების მომსწრე იყავი. პროცესში მონაწილეობდი. მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის თითოეულ რგოლს იცნობ, ამიტომ იცი, რომ ყველაფერი ზედმეტად კომპლექსურია იმისთვის, რომ რეცეპტი გამოწერო.

ჩვენი სხეული ნაკლოვანებებითაა სავსე და კი, მიუხედვად aმისა, შეგვიძლია თავდაჯერებულები ვიყოთ

სერიალი ამსხვრევს სილამაზის ჰოლივუდურ სტერეოტიპებს. პერსონაჟები არიან მაღლები, დაბლები, გამხდრები, მსუქნები, გრაციოზულები, მოუქნელები. მიუხედავად ამისა, ისინი არიან თავდაჯერებულები. იმიტომ, რომ, რატომაც არა? ოციდან ოცდაათ წლამდე ჭარბწონიან გოგონას, შეუძლია კლუბში შევიდეს, მკერდი მოიშიშვლოს და ისე იცეკვოს, თითქოს ამაზე მისი ცხოვრება იყოს დამოკიდებული.  სერიალი გიჩვენებს იმის მაგალითს, რომ შეიძლება შენი სხეული ვერც ერთ დროს არსებულ, ვერ ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდეს, მაგრამ შენ შეგიძლია მისი გამოყენებით გააკეთო ყველაფერი რაც მოგესურვება.

პორნოვარსკვლავობა საჭირო არ არის იმისთვის, რომ სექსი გქონდეს

როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა თქვა, ადამიანთა უმრავლესობა ოცნებობს პორნოვარსკვლავური სექსი ჰქონდეს. სიმართლე ისაა, რომ მარტივად ვრწმუნდებით იმაში, რომ  სექსი იშვიათადაა ისეთი, როგორიც იგი პორნო ფილმებშია.  ამ სეირალში სექსი ისეთია, როგორიც იგი რეალურ ცხოვრებაში : ზოგჯერ კარგი, ზოგჯერ ცუდი, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ უხერხული, ათასნაირი. სერიალის ნახვის შემდეგ, მიხვდებით, რომ სექსის დროს მესიჯობა უპატიებელი ცოდვა არაა და რომ ამას სხვებიც აკეთებენ. არ გაგიკვირდებათ, როცა ყველაფერი იმაზე სწრაფად დამთავრდება, ვიდრე ამას მოელოდით. გაიაზრებთ, რომ უნდა იყოთ თავდაჯერებულები და გამბედავები, რათა სექსის დროს გააკეთოთ ის რაც გინდათ და როგორც გინდათ.

 ყოფილი მეგობრები არსებობენ

მეგობრობაზე ყველა საუბრობს, წერს, მღერის, ხატავს, უკრავს. ათასჯერ განხილული თემაა. თუმცა, ბოლო ხანებში, ანდაც ყოველთვის მეგობრობის რომანტიზებას ახდნენ. სარა ჯერისიკა-პარკერი პარიზიდან ბრუნდება და მეგობრებით გარშემორტყმული ბედნიერად მიაბიჯებს ნიუ-იორკის ქუჩებში. ტელმა და ლუიზა ერთმანეთისთვის ყველაფერზე მიდიან. სერიალ მეგობრების პერსონაჟები ათი წელი მეგობრობენ და სერიალის დასრულებიდან ათი წლის შემდეგაც სრულიად დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ისინი სადღაც იქ, სერიალების სამყაროში ისევ ერთად არიან. სინამდვილეში, ყველაფერი ყოველთვის ასე არ ხდება. ყველამ ვიცით, რომ მეგობრები იქცევიან უბრალო ნაცნობებად, ზოგჯერ კარგ ნაცნობებად, ზოგჯერ უცნობებად. ვიცით, რომ სიტყვა ყოფილი, შესაძლოა გამოიყენო მეგობართან მიმართებაშიც და ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ ფაქტია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s