ის, რაც მენტალური აშლილობის მქონე ადამიანს არასოდეს უნდა უთხრათ

მანტალური აშლილობით ცხოვრებაზე არანაკლებ რთულია სხვებს გამოუტყდე იმაში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს და რაც მთავარია ისაუბრო ამ პრობლემებზე.  ამ სირთულეებს მაშინვე გააცნობიერებ, როგორც კი პრობლემას აღიარებ და მასზე ლაპარაკს დაიწყებ. როგორც წესი, ადამიანთა უმეტესობას სხვადასხვა სახის, თუმცა ერთნაირად აროგანტული პასუხები აქვთ. ისინი არა მხოლოდ უარყოფენ იმ პრობლემას, რომელსაც ვერ ხედავენ (ტვინში მიმდინარე ქიმიური რეაქციების დანახვა რთულია, მოტეხილი ფეხის ადვილი), არამედ გირჩევენ, როგორ ,,გამოსწორდე” და რაც ყველაზე ცუდია, ახდენენ შენს მარგინალიზაციას.

words_as_weapons_by_dickie0 (1)

მინდა თავი მოვუყარო იმ პასუხებსა თუ კომენტარებს, რომლებიც თავად მომისმენია, ან რომლებზეც მსმენია.

1. რაებს იგონებ.

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იმის გაცნობიერებაა, რომ ყველაფერი მის გონებაში ხდება. პირდაპირი მნიშვნელობით, მის გონებაში.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფიზიკური პრობლემის შემჩნევა ადვილია, მენტალური დაავადება კი უხილავია. ამიტომ, ადამიანთათვის რთულია იმის დაჯერება, რომ ის არსებობს. მათთვის უმჯობესია ყველაფერი შენს ფანტაზიას მიაწერონ. უფრო ადვილია ყურადღებისკენ სწრაფვა დაგაბრალონ, ვიდრე გაგიგონ.

იმის თქმა, რომ ადამიანი რაღაცას იგონებს, მას პრობლემის მოგვარებაში არ ეხმაება. შენი აშლილობა არ გაქრება, თუკი გეტყვიან, რომ იგი არ არსებობს. პირიქით, ეს უფრო მეტად გაგრძნობინებს იმას, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს და სამუდამოდ დაგიკარგავს შენი მდგომაროების სხვებისთვის გაზიარების სურვილს.

2. ყველა ასეა.

ისევ პრობლემის უარყოფას ვუტრიალებთ. რაც მის მოგვარების ხელშეწყობის ნაცვლად, მას უფრო ართულებს.  ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვავონ სევდა და კლინიკური დეპრესია. უჭირთ განსხვავება იპოვონ უარყოფითი მოვლენით გამოწვეული ხასიათის გაფუჭებას და უიმედობისა და ყოვლისმომცველ სიცარიელეს შორის, რომელიც არაფრითაა გამოწვეული და აშლილობის სიმპტომია. უჭირთ განასხვავონ ნერვიულობა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას ახლავს თან და შფოთვა, რომელიც ყოველთვის შენთანაა და არასდროს გტოვებს, მაშინაც კი, როდესაც შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დგას.

ასე რომ არა, ყველა ასე არაა. თუნდაც ყველა პანიკის შეტევებითა და შფოთვით იტანჯებოდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ვინმეს მდგომარეობა იცვლება ან უმჯობესდება.  თანაც, იმის მტკიცებით რომ ყველა ერთნაირადაა, ადამიანები ახდენენ დაავადების ნორმალიზებას და ხელს უშლიან მენტალური აშლილობის მქონე პირს დახამრებისთვის სპეციალისტს მიმართოს.

3. სცადე პოზიტივზე კონცენტრირდე, ნეგატივისგან განთავისუფლდი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საკუთარ თავს განაწყობ.

ყველას გვსმენია მსგავსი ფრაზა. გამოთქმა იმის შესახებ, რომ თუკი სამყაროს მიმართ პოზიტივით განეწყობი, სამყაროც იგივეთი გიპასუხებს. არაფერს ვიტყვი მიდგომის სიმართლესა თუ სიცრუის შესახებ. უბრალოდ, იმის ხაზგასმაც საკმარისი იქნება, რომ პოზიტივზე კონცენტრირება ყველასთავის შესაძლებელი არ არის.  მენტალური აშლილობის მქონე ადამიანს უთხრა შეწყვიტოს ცუდად ყოფნა, იგივეა სთხოვო ფეხმოტეხილ ადამიანს დაიწყოს სირბილი, რადგან თუკი იგი პოზიტივით დაიმუხტება ფეხიც შეუხორცდება და ყველაფერი გამოუვა.

4. ძალიან მაგარია!

კონკრეტულ სუბკულტურების წევრ და ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში ერთნაირი განსაკუთრებულობით პოპულარულები გახდნენ კატები, ჩაი, ბრიტანული ინდი როკ ჯგუფები და მენტალური აშლილობები. პნევმონიის მქონე ადამიანს არ ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება ძალიან კარგი რამეა. იმიტომ, რომ ვიცით, ეს ასე არაა.  იმის მოსმენა რომ შენი აშლილობის ქონა ძალიან კარგია, მარტივად რომ ვთქვათ გამაღიზიანებელია, მით უფრო მაშინ, როცა ამ აშლილობის წყალობით დაგენგრა ურთიერთობები, დაკარგე მეგობრები და დროდადრო გიჭირს ნორმალურად ფუნქციონირება. გარდა ამისა, ფსიქიკური დაავადებების რომანტიზებით, შეიძლება ვინმე მართლა დააჯერო, რომ მისი დაავადების გამო იგი განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მან მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უარი თქვას.

5. ყველაფერი ღვთის ნებაა, ეკლესიაში სიარული სცადე!

ნებისმიერ ჩვენგანს აქვს უფლება დაიჯეროს ის, რაც მას სურს. ზოგიერთი უარყოფს ღმერთის არსებობას. ზოგიერთისთვის ღმერთი უბრალოდ სოციალური კონსტრუქტია. სხვები თვლიან, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი დაისვენა და მას შემდეგ ისვენებს. სხვების აზრით კი, ღმერთი თითოეული ჩვენგანის ბედისწერას განსაზღვრავს. არც ერთი დაშვება უარყოფითი ან საზიანო არაა. მაგრამ იმის მტკიცება, რომ დაავადება ღვთის ჩანაფიქრის ნაწილია, არაფერში გეხმარება.  მენტალურ დაავადებათა როგორც ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელთა აღქმა არასწორი და საზიანოა, რადგან ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს საკუთარი თავისადმი მიუღებლობა და უკვე არსებულ პრობლემებს საკუთარი თავისადმი ზიზღი დაემატოს.

6. ნუ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ყურადღების მიპყრობის უამრავი ხერხი არსებობს. მენტალური პრობლემების გამოგონება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიათო ხერხია. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრით, შენ ცდილობ ყურადღება მიიპყრო და სხვა არანაირი მიზანი არ გამოძრავებს.

საქმე იმაშია, რომ ადამიანები უამრავ რამეზე საუბრობენ. ურთიერთობებზე, სექსზე, ფულზეც კი. დაავადებებზე საუბარი ისეთივე ჩვეულებირვი მოვლენა უნდა იყოს, როგორც ეს ნებისმიერ სხვა თემაზე ლაპარაკია. თუმცა, ეს ასე არ არის და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ მენტალური აშლილობის მქონე ადამიანი, რომელიც აღმოჩნება იმდენად მამაცი, რომ თავის დაავადებაზე საუბრის არ შერცხვება, ავტომატურად ირაცხება ყურადღების მძებნელად.  მსგავსი დამოკიდებულება ადამიანს უბიძგებს კიდევ უფრო ჩაიკეტოს საკუთარ თავში, მაშინ როცა მათი პრობლემები რეალურია და საჭიროებენ სერიოზულად მიდგომას.

7. სტერეოტიპების მიხედვით მსჯელობა.

ისეთი თემის ირგვლივ, როგორიც მენტალური დაავადებებია უამრავი სახის სტერეოტიპი არსებობს. ცხადია მათი უმრავლესობა ვიღაცისთვის მხიარული და თავშესაქცევია. თითოეულ დაავადებას სტერეოტიპთა საკუთარი კასკადი ახალვს თავს. ბიპოლარული აშლილობის შესახებ არსებობს უამრავი სარკასტული და იდეაში სასცილო მიმი თუ გამოთქმა, რომელსაც იმეორებენ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ მათ დაავადების არსი ესმით და გონებამახვილურადაც ხუმრობენ. გამოთქმა – მე ბიპოლარული აშლილობა მაქვს და ეს მომწონს/მძულს, სინამდვილეში ძალიან არასწორია. პირველ რიგში, ბიპოლარული აშლილობის მქონე არც ერთ ადამიანს, არ მოსწონს ის  რომ იგი ფსიქიკური დაავადების მატარებალია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მასთან დარჩება. გარდა ამისა, ეს ფრაზა საერთოდ არ აღწერს ამ დაავადებას და იმას თუ როგორ მუშაობს იგი.  ის რაც გიყვარს, გიყვარს მაშინაც როცა დეპრესიული ეპიზოდი გაქვს და მაშინაც, როცა ჰიპომანიაკალური ან მანიაკალური. ის რაც გძულს ან არ გიყვარს, გძულს და არ გიყვარს განურჩევლად იმისა, თუ რომელი ეპიზოდი გაქვს. ბიპოლარლი აშლილობა არ ჰგავს სახლს, რომლის ერთი ნახევარი დალაგებული, დავარცხნილი, ხოლო მეორე ქაოტური და არეულია. იგი ჰგავს სახლს, რომელიც ზოგჯერ სასახლედ, ცათამბჯენად იქცევა, ზოგჯერ აგურების გროვად, ზოგჯერ კი საძირკვლიანად ქრება და ნადგურდება.

*share you opinion as long as it doesn’t disrespect anyone else’s existence*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s